ΑΝ ΠΕΘΑΝΕΙΣ ΠΡΙΝ ΠΕΘΑΝΕΙΣ, ΔΕ ΘΑ ΠΕΘΑΝΕΙΣ ΟΤΑΝ ΠΕΘΑΝΕΙΣ

(ΠΑΡΟΙΜΙΑ ΟΡΘΟΔΟΞΩΝ ΜΟΝΑΧΩΝ)

Τετάρτη 29 Αυγούστου 2012

თავისკვეთა პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემელისა იოანესი (29 აგვისტო / 11-09)


Vatopaidifriend



თავისკვეთა პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემელისა იოანესი. გალილეის მმართველმა, ჰეროდე ანტიპამ იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩააგდო. წმიდა წინასწარმეტყველი ჰეროდეს დაუფარავად ამხელდა კანონიერი ცოლის, არაბეთის მეფის, არეთას ასულის დაგდებისა და თავისი ძმის, ფილიპეს მეუღლესთან, ჰეროდიადასთან უკანონო თანაცხოვრების გამო (ლკ. 3, 19-20). აიკითხეთ გაგრძელება…
ჰეროდემ თავის დაბადების დღეს დიდებულებს, უხუცესებსა და ათასისთავებს ვახშამი განუმზადა. ჰეროდიადას ასული სალომეა როკვიდა სტუმრების წინაშე, რითაც ჰეროდეს დიდად ასიამოვნა. მოხიბლულმა მმართველმა ქალს ფიცით აღუთქვა, რომ უბოძებდა ყველაფერს, რასაც ითხოვდა, თუნდაც ნახევარი სამეფო ყოფილიყო. ბილწმა მოცეკვავემ თავისი ბოროტი დედის, ჰეროდიადას შეგონებით, ლანგარზე დადებული იოანე ნათლისმცემლის თავი მოითხოვა. ჰეროდე დამწუხრდა – ეშინოდა ღვთის რისხვისა იმ წინასწარმეტყველის მოკვლისთვის, რომელსაც ადრე თავადვე უსმენდა. ეშინოდა ხალხისაც, რომელსაც უყვარდა წინამორბედი უფლისა; მაგრამ არ ისურვა დაერღვია სტუმრების წინაშე დაუფიქრებლად დადებული ფიცი და ბრძანა, წმიდანისთვის თავი მოეკვეთათ და სალომეასთვის მოერთმიათ. გადმოცემით, სინანულის ქადაგის მოკვეთილი თავის ბაგეები კიდევ ერთხელ განიხვნა და წარმოთქვა: „ჰეროდე, შენ არ უნდა გესვას შენი ძმის, ფილიპეს ცოლი“. სალომეამ ლანგარი თავის დედასთან მიიტანა. გახელებულმა ჰეროდიადამ ნემსით დაჩხვლიტა წინასწარმეტყველის ენა და წმიდა თავი უწმინდურ ადგილას დაფლა. მაგრამ კეთილმსახურმა იოანამ, ჰეროდეს ეზოსმოძღვრის, ქოზას ცოლმა სიწმიდე ამოთხარა, თიხის ჭურჭელში ჩაასვენა და ელეონის მთაზე – ჰეროდეს ერთ-ერთ მამულში დაკრძალა. იოანე ნათლისმცემლის წმიდა გვამი კი მისმა მოწაფეებმა იმავე ღამეს მიაბარეს მიწას სებასტიაში, იქ, სადაც ბოროტმოქმედება აღესრულა. წმიდა იოანეს მკვლელობის შემდეგ ჰეროდე რამდენიმე ხანს კიდევ აგრძელებდა მმართველობას. სახარებიდან ჩანს, რომ იუდეის მმართველმა, პონტოელმა პილატემ მასთან ბორკილდადებული იესო ქრისტე გაგზავნა, რომელიც შეურაცხყო ჰეროდემაც და მისმა ერმაც (ლკ. 23.7-12).
ღვთის სამსჯავრო ჰეროდეს, ჰეროდიადასა და სალომეასთვის მათი მიწიერი ცხოვრების დროსვე აღესრულა. სალომეას ზამთარში, მდინარე რიკორისზე გადასვლის დროს, ყინული ჩაუტყდა და ქვეშ მოექცა. ყინულმა იგი ისე ჩაიჭირა, რომ ტანით წყალში იყო ჩაკიდული, თავი კი ყინულის ზემოთ ჰქონდა დარჩენილი. ასე ეკიდა მანამ, სანამ ბასრმა ყინულმა კისერი არ გადაუჭრა. გვამი ვერავინ იპოვა, ხოლო თავი კი, როგორც ოდესღაც წმიდა იოანე ნათლისმცემლისა, ჰეროდესა და ჰეროდიადას მიუტანეს. არაბეთის მეფე არეთამ, თავისი ქალიშვილის შერცხვენისთვის შური რომ ეძია, ჰეროდეს წინააღმდეგ გაილაშქრა. ჰეროდე დამარცხდა. განრისხებულმა გაიუს კალიგულამ (37-41) იგი შეიპყრო და ჰეროდიადასთან ერთად ჯერ გალიაში, შემდეგ კი – ესპანეთში გადაასახლა, სადაც ისინი უეცრად გაპობილ მიწაში დაინთქნენ.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

წყარო

St Nino (Nina), Equal of the Apostles and Enlightener of Georgia

Saint New martyr Andrew from Georgia and Abkhazia

Δεν υπάρχουν σχόλια: